ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას – ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გააკეთა. მისი განმარტებით, რუსი დეპუტატების მიერ ასამბლეაში მონაწილეობის მიღების ფაქტი ნათელი გამოხატულებაა იმის, რაც “ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. უგულავა მომხდარზე პასუხისმგებლობას სწორედ ირაკლი კობახიძეს აკისრებს.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ასევე, მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დაატოვებინოს პარტიისრიგები ზაქარია ქუცნაშვილი, ვინაიდან ის ამ საქმის უშუალო შემსრულებელია.
„პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის გავრილოვი, რომელიც ქვეყანაში შემოსაშვები არაა თუ ჩვენ ოდნავი თავმოყვარეობა გვაქვს. აქ უკვე თავმოყვარეობის საკითხი, აქ ღირსების საკითხი დგას. ჩვენ ვთათბირობდით, „ევროპული საქართველო“ ჩვენს ფრაქციის ოთახში. ჩვენ ვიწყებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აი, ამ უმსგავსობაზე და არა მარტო იმაზე, რომ მის სკამში ვიღაცა ჩაჯდა, ეს არის უბრალოდ ნათელი გამოხატულება იმ უბედურების, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა აქამდე. ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას მის მიმართ და ასევე მოვითხოვთ , თუ „ქართულ ოცნებას“ ოდნავ მაინც დარჩა კიდევ ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და გაუშვას, აი, მთლიანად მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავის რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელი იყო,“- განაცხადა უგულავამ.