აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე ბორდის ორი წევრის მიერ მისი იმპიჩმენტის საკითხის დასმის ფაქტს გამოეხმაურა.
ნათია კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია ისე მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაწუყებელი. მისი განცხადებით, არხი იგივე სტანდარტებით გააგრძელებს მუშაობას.
“ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებულობა და ობიექტურობა – უკვე აღიარებულია საერთაშორისო კვლევებით. ცხადია, ჩვენ ვაპირებთ, მსგავსი სტანდარტით გავაგრძელოთ მუშაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასი შედეგია. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია საზოგადოებრივ ინტერესებზე. ყველა საკითხი, რაც დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება, არის პოლიტიკის ნაწილი და ცხადია, პროცესები, რაც ვითარდება დამოუკიდებელი არხის ირგვლივ არის მაღალი საჯარო ინტერესი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის შიდა საკითხები. გადაცემებთან დაკავშირებით კანონთან შესაბამისი დაგეგმარებაა”,- განაცხადა ნათია კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის ორმა წევრმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა,- აღნიშნული ინფორმაცია ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.