,,ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ,,ქართულმა ოცნებამ” ისეთი საარჩევნო მოდელი მოიფიქრა, ,,თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე”.
,,ის ვინც ამ შეთანხმებაზე არ წამოვა, იქნება საზოგადოების წინაშე ვალდებული, რომ აუხსნას საზოგადოებას რატომ არ დათანხმდა შემოთავაზებას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ცდილობენ, ამ საკითხების მოდერაციით საქართველოს დაეხმარონ ახალ საარჩევნო სისტემის შექმნაში. ჩვენი მხრიდანაც ისეთი მოდელია მოფიქრებული, სახალხო ენით რომ ვთქვათ, თუ შარზე არ ხარ, შეუძლებელია არ დათანხმდე”, – ამბობს მდინარაძე.
ის აღნიშნავს, რომ ოპოზიციას შეთანხმებამდე დრო 9 მარტამდე აქვს, რადგან შემდეგ თეორიულადაც შეუძლებელი იქნება საარჩევნო მოდელში ცვლილების შეტანა.
,,თუ ოპოზიციამ არ გამოიგონა რაიმე მიზეზი, რომელიც შეიძლება უარის თქმის საფუძვლად გამოდგეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება. მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას.
ერთპიროვნულად „ქართული ოცნება“ ცვლილებებს ვერ გაიტანს იმიტომ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და პარლამენტმა ცვლილება ვერ მოახდინა სწორედ მათ გამო, ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს ,,ქართული ოცნების” ოფისში მმართველი გუნდი შეიკრიბა და საარჩენო სისტემაზე იმსჯელა. შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია 40%-იან პრინციპს მხარს უჭერს და მზად არის, კანონდებლობაში ასახოს, რაც მანდატების განაწილების პროპორციას მეორეხარისხოვნად აქცევს.