ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა თითქმის ექვსსაათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც სასტუმრო ბილტმორში საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გაიმართა იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანული მოდელის თემა დახურულია და ოპოზიციამ ისინი ვერ დაარწმუნა მის კონსტიტუციურობაში:
“შედგა მსჯელობა როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია.
ოპოზიციამ ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური ვერ მოიტანა.
დაისვა კითხვა, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად, ამაზე ჩვენი პასუხი იყო, არის და იქნება რომ არა, ჩვენი გუნდის შიგნით რესურსს ვერ ვხედავთ რომ კიდევ რეთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება.
ჩვენი უცხოელი კოლეგები იყვნენ ფასილიტატორები და არა მხარეები, ისინი მხარეები ვერ იქნებოდნენ.
ეს შეხვედრა არ მოუწვევია ქართულ ოცნებას ან რომელიმე ერთ ოპოზიციურ პარტიას. ამ შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები.
ჩვენ ვერავის მონაწილეობას ამ შეხვედრაზე ვერ დავბლოკავდით იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით ამ შეხვედრის ინიციატორები.
ჩვენი პოზიციები გაჟღერდა შეხვედრაზე, ეს პოზიციები ნათელია, მკაფიოა, ითქვა და კიდევ ერთხელ ითქმევა, თუ საჭიროა, რომ გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის შეცვლის რესურსი გუნდის შიგნით არ გაგვაჩნია.
დიალოგი არ არის ცუდი თუ გაგრძელდება, მაგრამ გერმანული მოდელი რომ არაკონსტიტუციურია ეს საკითხი ჩვენი მხრიდან ერთხელ და სამუდამოდ დახურულია.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.