ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური გამოწვევა- გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ოკუპაციის საკითხი აქტუალურია, რადგან ქვეყანა გამოწვევებით სავსე რეგიონში იმყოფება.

მისი თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა, მეგობრებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი გადარჩენის ერთადერთი გზაა.  

,,ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან – ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა გახარიამ.

დისკუსიაში – New Ambitions for Europe, ფინეთის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტები და ბიზნესლიდერები, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იღებდნენ მონაწილეობას.