„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. “ლიბერალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს გაუგზავნა განცხადება, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებენ.
როგორც განმარტავენ, “ლიბერალში“ მათ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით ხვალიდან ისინი რედაქციას ტოვებენ. ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე მიუთითებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შორენა შავერდაშვილს მიმართეს, რომ “ლიბერალი” მათთვის გადაეცა ან მიეყიდა, რაზეც უარი მიიღეს. ჟურნალისტების განცხადებით, შავერდაშვილმა მათ საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება დაუანონსა.
“ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას. არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს.
ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად). ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.
რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა. დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის.
დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით,” – აღნიშნულია განცხადებაში.