ჩვეულებრივი ჩხუბი იყო, ორი კაცი ორ კაცთან ჩხუბობდა, უბრალოდ ისინი უფრო სპორტულები იყვნენ, ვიდრე ჩვენ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბუნებრივია დაზიანებებს თავდამსხმელებიც მიიღებდნენ.
„ვწუხვარ, თუ ცოტა დაზიანება მიიღეს. ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან 2 საათი ტყუილად, ბოლოს ფეხბურთს ვუყურებდი, იმიტომ, რომ საერთოდ ყველა დაიკარგა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული. თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, უკვე პასპორტის კონტროლის მიღმა, ადამიანები ცოტა იყო, ნაცნობი ქალბატონი, რომელიც სხვა რეისით მიდიოდა, იჯდა ჩვენს მაგიდასთან და ვსვამდით ყავას, ვსაუბრობდით აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. ამ დროს მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი კლასიკური ტექსტებით, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ მათი „ორკებისა“ და „ტიტუშკებისგან“. ამის შემდეგ მე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, ამასობაში მოვიდა მეორე ტიპი, უკვე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ორი წუთის მერე ჩადგა პოლიცია, ისინი წაიყვანეს და მას შემდეგ არც სახელს გვეუბნებიან და არც გვარს. ბუნებრივია, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და კამერის ამოღების უფლება არ აქვთ, რადგან მსუბუქია. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება,“ – განაცხადა უგულავამ.
როგორც ის განმარტავს, ის და გოკა გაბაშვილიც ექსპერტიზის ჩატარებაზე უარს ამბობენ, რადგან უგულავას თქმით, ეს არის დროის ტყუილად ხარჯვა.