“გადადგეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ გავრილოვი დაბრძანდა ქვეყნის მთავარ სავარძელში,“ – ეს განცხადება მედიამკვლევარმა, ნინო დანელიამ პარლამენტის შენობის წინ გააკეთა, სადაც აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის გავრილოვის მიერ დაკავებას აპროტესტებენ.
ნინო დანელიას თქმით, მომხდარზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, უნდა გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ადამიანების მოთმინების ფიალა არის ავსებული. ხელისუფლება ტესტავს, რამდენს ავიტანთ ჩვენ ყველანი. 9 მაისს შემოგვიგზავნეს პუტინის უკვდავთა პოლკი. დავხვდით, გავაძევეთ ქვეყნიდან, შემოგვიგზავნეს გავრილოვი, იმასაც კუდით ქვა ვასროლინეთ. ასე იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩამოვა აქ პუტინს გზავნილით და გადაწყვეტს, რომ საქართველო დამოუკიდებელი, მომავალზე ორიენტირებული, ევროატლანტიკური ალიანსისთვის მსწრაფი ქვეყანა კი არ არის, არამედ ეს არის რუსეთის გავლენის სფერო, რუსეთის უკანა ეზო, სადაც ადამიანებს აქვთ დამთავრებული ფიქრი საკუთარი ქვეყნის მომავალზე. ეს ამ ქვეყანაში არ გამოვა.
“ხელისუფლებამ კეთილი ინებოს, აიღონ პასუხისმგებლობა, ეს საბოდიშო არ არის, გადადგეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ გავრილოვი დაბრძანდა ქვეყნის მთავარ სავარძელში, რასაკვირველია, კობახიძე, უმრავლესობის ის დეპუტაცია, რომლებმაც შეაცილა საქართველოს პარლამეტში რუსეთის დუმის დეპუტატი. მხოლოდ საზოგადოების რეაქციის ეშინია ამ ხელისუფლებას. მან მიიღო საზოგადოების რეაქცია, ახლა კეთილი ინებონ და ადეკვატურად მოიქცნენ, იმიტომ, რომ ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო პროტესტი დიდ დაუმორჩილებლობის მოძრაობაში გადაიზრდება, ხელისუფლებას დროზე ადრე მოუწევს იმ სავარძლების დატოვება,“ – განაცხადა ნინო დანელიამ.