„ფაქტიურად კაპიტულაციაა მოვლენების წინაშე. ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი“, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობაა, რადგან ისინი ნაბიჯს არ დგამენ ლარის გასამყარებლად.
„ცოცვა-ცოცვით ლარი კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ნაბიჯი მაინც არ გადადგას ან სებ-მა და ან მთავრობამ. ფაქტიურად არის კაპიტულაცია მოვლენების წინაშე, ბედს არიან მინდობილი და ჰგონიათ, რომ თავისით დასტაბილურდება ლარი. თავისით არაფერი ხდება. ძალიან სავალალოა, რომ ლარის გაუფასურებას აბრალებენ და თავის გამართლების საბაბი იშოვნეს ტურისტული ნაკადის კლების სახით რუსეთიდან. ტურიზმი საქართველოში ამ წელიწადში გაიზრდება, მიაღწევს 9 მილიონს და ტურიზმიდან შემოსავალი იქნება იმაზე მეტი, ვიდრე იყო შარშან, იმის მიუხედავად, რუსეთიდან ტურისტები ნაკლები შემოვლენ, თუ არა. პრობლემების გადაბრალება იმას ნიშნავს, რომ ვერ აცნობიერებენ იმ სიღრმისეულ მოვლენებს ჩვენს ეკონომიკაში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.