“ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები, არამედ ქართული სუფრაა” – ბიძინა ივანიშვილი

“გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა.”- ეს განცხადება “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თავის მისალოც სიტყვაში გააკეთა. საიუბილეო საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.

ამ ინფორმაციას და განცხადებას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

„მისი ნიჭიერების ყველაზე დიდი ამოფრქვევა გახლდათ ქართული სუფრა. ყველა მისი მოღვაწეობა ემოციურად გამოიხატებოდა ქართულ სუფრაზე და და მე ვფიქრობ, ბატონი თამაზის ყველაზე დიდი ღირსება მის მიერ წაყვანილი სუფრა გახლავთ. მიმაჩნია, რომ ქართველებმა, რომლებმაც ღვინო აღმოაჩინეს, ამავდროულად შექმნეს ამ ცივილიზაციის ყველაზე დიდი ფენომენი ქართული სუფრის სახით, რომლის მშვენიერება, ქართული თამადა, ქართული სიმღერა და ცეკვაა. გადაჭარბებულად არ ვამბობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა. ქართულ სუფრაზე რომ გამოჩენილი თამადა იყო, ამას სჭირდება ის, რაც ჰქონდა ბატონ თამაზს, მისი პოეზია, პედაგოგიური თუ სხვა დამსახურებები და კიდევ სხვა რაღაც, ბატონ თამაზს ეს ყველაფერი გააჩნია. ქართული სუფრა ყოფითი ცხოვრების არსი და განსახიერებაა, ბატონი თამაზის ხელოვნება სუფრის თამადობაში გამოიხატებოდა. მე იშვითად ვიყენებ ილიას სიტყვებს, რომელიც ძალიან მიყვარს. საკმარისი არ არის, რომ კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე იგი კარგი კაციც უნდა იყოს. ეს სიტყვები ეკუთვნის ბატონ თამაზს“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა. ღონისძიებას თამაზ ტყემალაძის მეგობრები, კოლეგები, ხელისუფლების და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.