ცხინვალის “პარლამენტი“ რუსეთს საქართველოსგან თავდაცვაში დახმარების თხოვნით მიმართავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო მიმართვა რუსეთის ფედერაციის დუმისა და საბჭოს მიმართ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ორმხრივი შეთანხმების იმ მუხლის შესრულების თხოვნით, რომელის თანახმად რუსული მხარე საკუთარ თავზე იღებს “რესპუბლიკის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მისი საზღვრის დაცვის ჩათვლით.“

ეს მიმართვა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა პარასკევს მიიღო. ოსური მედიის ინფორმაციით მიზეზი სოფელ წნელისთან შექმნილი ვითარებაა, სადაც ქართველმა ძალოვანებმა ბლოკპოსტი გახსნეს.

მიმართვაში ნათქვამია, რომ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობამ ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის ფორმატის შეხვედრის ფარგლებში შედეგი ვერ გამოიღო “ქართული მხარის არაკონსტრუქციულობის გამო“.

მიმართვის ავტორები ახსენებენ რუსულ მხარეს, რომ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება ითვალისწინებს “შეთანხმებული საშინაო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც გულისხმობს მხარეთა მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას თანაშრომლობის სხვადასხვა სფეროებში, ერთმანეთის ინფორმირებას განხორციელებული ქმედების შესახებ, ასევე მჭიდრო ურთიერთქმედებას მშვიდობის გამყარების, კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საქმეში.“

“ზემოთმოყვანილი გარემოებები აიძულებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტს მიმართოს რუსეთის ფედერაციის დუმას და ფედერაციის საბჭოს თხოვნით, მხარდაჭერა აღმოუჩინოს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების მეორე მუხლის შესრულებაში, რომლის თანახმად რუსეთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვას და უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვას.“

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს “საპარლამენტთაშორისო“ კონსულტაციების გამართვას “ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად დაძაბულობის დეესკალაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.“