გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან, გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს გენადი ბასტაევს, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩხრეკისას მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნულ საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არ არსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასანთავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.