ცხინვალში ქართულწარწერიანი წამლების აკრძალვის გამო ზურაბიშვილი საერთაშორისო ორანიზაციებს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში ქართულწარწერიანი წამლების აკრძალვის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ინფორმაცია მიაწოდა.

“მედიკამენტების აკრძალვასა და მოხმარებიდან ამოღებას, თან ერთვის ის, ფაქტი, რომ ჩაკეტილია ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტი, რაც პირდაპირ ჰუმანიტარული კრიზისის გამომწვევია. აღნიშნული ვითარების გამო, რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და განსაკუთრებით კი, პენსიონერები, ის ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას საჭიროებენ.
პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტის ჩაკეტვითა და მედიკამენტების მოხმარების აკრძალვით იზღუდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც ჯანმრთელობის უფლებას, სიცოცხლის უფლებასა და გადაადგილების თავისუფლება ეხება.
პრეზიდენტმა კომისრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ყურადღების გამახვილებისა და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, გადასასვლელი პუნქტის გახსნისათვის რეაგირებისაკენ მოუწოდა., – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს.