“ცხოველს არ მოექცევიან ასე”-ანსამბლ „გორდას“ წევრების ნაწილი ისრაელიდან დაბრუნდა

ანსამბლ „გორდას“ ხუთი წევრი და  მშობლების ნაწილი  ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდნენ. მათი განცხადებით, ისინი სადეპორტაციო განყოფილებაში რამდენიმე დღე გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.  მათი თქმით, საბუთები წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ  საზღვარზე მაინც არ შეუშვეს.

„აეროპორტში დაგვაკავეს, არანაირი ახსნა, არაფერი, უბრალოდ გვითხრეს არასასურველი სტუმრები ხართ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. სიბინძურე, შიმშილი, ცხოველს არ მოექცევიან ასე,“-აცხადებს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი თინათინ გელაშვილი.

“საბუთებიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში გვქონდა, როგორც კი ჩავედით, თვითმფრინავიდან ჩასვლა და გამოგვყვა თანამშრომელი, მიგვიყვანეს ოთახთან, სადაც გვითხრეს რომ დაგველოდეთ აქ, პასპორტები ჩამოგვართვეს და შევიდნენ. 6 საათის შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან, პირდაპირ გვეუბნებიან, არასასურველი სტუმრები,“-აცხადებს ქორეოგრაფი დავით კაჭარავა.

ანსამბლის წევრების ნაწილი კი ისევ ისრაელში რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი საქართველოში 17 აპრილს გამოემგზავრებიან.