შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტის მიხედვით ცხოველის მოვლის წესები მკაცრდება. პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება და პროპაგანდა იკრძალება.
პროექტით, აკრძალულია ორთაბრძოლების მოწყობა, ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების შესახებ და ასევე ცხოველების გაწვრთნა ორთაბრძოლებისთვის.
კანონპროექტის მიხედვით, ცხოველთა გაწვრთნა ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლის ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღება და გავრცელება ან მათი შენახვა, შემდგომში მათი გავრცელების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
პირის მიერ ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით ფულის აღება, ასევე, პირის მიერ თავის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენება ორთაბრძოლების მოსაწყობად ან სხვისთვის ასეთის ნების დართვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;
ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზება, ჩატარება, პროპაგანდა, ასევე ინფორმაციის გავრცელება ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვის შესახებ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.