ცნობილია, ვის შეჰქონდა ბაღებში ცხენის ხორცი – გამოძიება

სამტრედიაში, საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ამავე უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

“კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა. ნაცვლად ამისა, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ბაღებში საქონლის ხორცი შეჰქონდა. გარდა ამისა, კომპანია ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად, ნაწილობრივ ცხენის ხორცსაც აწვდიდა”,აცხადებს უწყება.