ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.
გარდაცვლილები გვარად გველესიანები არიან. ისინი ძველ სახლში მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ფეხმძიმე ქალბატონს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მეუღლე მაღაზიაში იყო. როგორც ის თანასოფლელებთან აცხადებს, ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, ბუხარი კი – ანთებული.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.