თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის განხილვაზე უარი უთხრა, შენგელიას სარჩელი ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის დადგენასა და მისი გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას ეხებოდა.
ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგიჩაშვილისა და ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე თამარ ოქროპირიძის სამოტივაციო წერილის ნაწილს ავრცელებს. წერილები იდენტურია და შენგელიას თქმით, copy paste-ით არის გადაწერილი.
“ასეთი უკანონობა ალბათ არ გამიკვირდებოდა, რომ არა კიდევ ერთი დამატებითი სამარცხვინო ფაქტი. თანდართულ ფოტოებში ასახულია ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე თამარ ოქროპირიძის და ზემოხსნებული გიორგი გოგიჩაშვილის გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილები (სხვადასხვა კოლეგია, სხვადასხვა მოსამართლე, სხვადასხვა დროს..), რომლებიც არის copy paste-ით გაკეთებული. ეს ფაქტი მოწმობს თუ როგორ შეთანხმებულად მოქმედებს ახლა უკვე მთელი სასამართლო სისტემა იმისთვის, რომ ამ საქმეზე არ დადგინდეს სიმართლე.
მივმართავ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას დაინტერესდეს ამ საკითხით, თუ როგორ გვართმევს ხელისუფლების რამდენიმე შტო კონსტიტუციურ უფლებას, მივმართოთ სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად”,- აცხადებს შენგელია.