{{ARTICLEIMAGE}}
ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა – ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყეს. ისინი ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას მოითხოვენ. ამბობენ, რომ გამსახურდიას საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გადის და საქმე დაიხურება ისე, რომ გაურკვეველი დარჩება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გარემოებები და მკვლელის ვინაობა. ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები საქმეზე კონკრეტული პირების პასუხიმსგებლობის საკითხის დაყენებას ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე ითხოვენ.
გამსახურდიების ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე გამოძიების დასრულება და დამნაშავეების დასჯა შესაძლებელია.
ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში გარდაიცვალა, რაზეც გამოძიება 2004 წლიდან მიმდინარეობს. 1994 წლის თებერვალში საქართველოს პირველი პრეზიდენტი გროზნოში გადაასვენეს, 2007 წლის 28 მარტს კი საქართველოში ჩამოასვენეს. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებზე რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სიკვდილის მიზეზი და გარემოებები ამ დრომდე გაურკვეველია.