ცოტნე გამსახურდია კიდევ ორი კვირა ნარკოზში იქნება–გამსახურდიას მეუღლე

სტამბოლიდან დაბრუნებული ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური ამბობს, რომ ესაუბრა ექიმებს, რომელთა აზრით  ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობისთვის ჯობს კიდევ ორი კვირა დაცვითი ნარკოზის ქვეშ დარჩეს. მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ ექიმები მისი გამოღვიძების საკითხს. ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, გართულებები არ ყოფილა, ის კარგ კლინიაში იმყოფება და ყურადღება არ აკლია.

რაც შეეხება გამოძიებას, ანა ჯაბაურის განცხადებით ამჟამად შუალედური პროცესია და გამოძიებისგან ახალი და კონკრეტული არაფერი გაუგიათ. გამსახურდიას ოჯახს დღემდე არ აქვს  რამდენიმე კითხვაზე პასუხი: კონკრეტულად, ცოტნე გამსხურდიას ტელეფონზე შესული ზარების შესახებ გამოძიება ამბობს, რომ მათი გაშიფვრა ჯერ არ მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია ექსპერიზის პასუხებიც.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ოჯახი დაინტერესდა კოლხური კოშკის გარე პერიმეტრზე არსებული კამერების ჩანაწერებია. გამოძიებამ ამ საკითხზე უთხრა, რომ კამერების ჩანაწერები გამოთხოვილია, მაგრამ ჯერჯერობით საქმეში არ არსებობს. 

ოჯახს კითხვები აქვს დანაშაულის მოტივთან დაკავშირებითაც. ანა ჯაბაური ამბობს, რომ შეუძლებელია ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო იმ დაპირისპირების გამო, რაც ბრალდებულების თქმით სუფრასთან მოხდა. მეუღლეს იმედი აქვს, რომ ამ კითხვაზე პასუხს ცოტნეს გამოღვიძების შემდეგ მიიღებენ.