ცოტნე გამსახურდიას ძმა, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია მისი ძმის დაჭრასთან დაკავშირებით ტვიტერში სტატუსს წერს და საკუთარ წერილს აქვეყნებს.
“მოგესალმებით მეგობრებო,მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის, რამდენადაც ცნობილია თურქი ექიმებისაგან, ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია და იმედის მომცემი. აქვე მინდა გაგაცნოთ ჩემი პატარა განცხადება, რომელსაც ვტვირთავ ფაილის სახით.“
ფაილის სახით ატვირთულ წერილში კი გიორგი გამსახურდია წერს, რომ ცოტნე გამსახურდიას სტამბოლში გამგზავრებისა და მკურნალობის საკითხები ფონდმა ქართუმ გადაჭრა. გიორგი გამსახურდია მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას.
„მოკლედ ესეთი ამბებია. ჩემი ძმა, ცოტნე გამსახურდია თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას (რომელთანაც ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს). ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს (ვამაყობ, რომ ამ პროცესში ჩართული პირების დიდი ნაწილი ჩემი უახლოესი მეგობარია).
რაც შეეხება იმ რამდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – ნათქვამია გიორგი გამსახურდიას წერილში.
გიორგი გამსახურდიას ადგილსამყოფელად ტვიტერში პოლონეთია მითითებული. ის პოლონეთში სამსახურეობრივი მიზნებით იმყოფება.
ცოტნე გამსახურდია საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას დაზიანება თავში აქვს მიყენებული რის გამოც ქართულ კლინიკაში მკურნალობის შემდეგ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გადაწყდა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, აქედან ერთი დარბაზიდან გაათავისუფლეს.