ცრუ განგაში. აჭარის ტელევიზიის ოპერატორი ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაიმუქრა

ტვ 25–ის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთმა ოპერატორმა ჟურნალისტურ წრეებში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მოქმედ და ყოფილ დირექტორზე ფარული ვიდეო ჩანაწერები აქვს, რის გავრცელებასაც გეგმავს.

მომხდარის გამო, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პოლიციის გამოძახებას აპირებდა, თუმცა როგორც ნათია ზოიძე აცხადებს, ოპერატორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მტკიცებულება ვერ მოიპოვა, შესაბამისად საქმეს მსვლელობა აღარ მიეცა. ოპერატორს არც სიტყვიერი და არც წერილობითი გაფრთხილება მისცეს.

ტვ 25 ესაუბრა ამ ოპერატორს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს იყო ხუმრობა, ტელევიზიაში ახლა სიმშვიდეა და ჩვეულ რეჟიმში აგძელებენ მუშაობას.

“თქვენ არ ხუმრობთ?“ –უპასუხა ოპერატორმა ჟურნალისტს, რომელმაც დაუსვა კითხვა, რატომ შეიყვანა მენეჯმენტი შეცდომაში.

ამ ფაქტზე გუშინ, მრჩეველთა საბჭოს წევრებმაც ისაუბრეს. ნატა იმედაიშვილის თქმით, მომხდარი ხუმრობის ფარგლებს არ ცდებოდა, შესაბამისად ინციდენტი კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე არ გამოვლენილა იმ პირის ვინაობა, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სათვალთვალო კამერის კადრები გაავრცელა. 1 მაისს, სოციალურ ქსელებში ყოფილი დირექტორისა და თანამშრომლების შეხვედრის ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. ეს ის გვერდი იყო, სადაც ნათია კაპანაძის რეპუტაციის შემლახველი მასალები იტვირთებოდა