დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარით ფულს სძალავდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა1993 წელს დაბადებული ლ.მ., გამოძალვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტიმური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. ამის შემდეგ, ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და  ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთ-ერთი ვებ-გვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.