დააკავეს მერიის ინსპექტორი,რომელიც პირს კონდუქტორობას დაპირდა და სანაცვლოდ 700 ლარი გამოართვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტობუსების ექსპლუატაციის უსაფრთხოების და მოძრაობის ორგანიზების სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. საქართველოს მოქალაქეს პირდებოდა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კონდუქტორის თანამდებობაზე დანიშვნას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 700 ლარი” – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.