პოლიციამ თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით თბილისში 1960 წელს დაბადებული ქალი – ფ.ს. დააკავა.
შსს–ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოპარული იყო ავტომობილი. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს.
ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ფ.ს.-მ საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იგი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.