დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 3 სექტემბრამდე მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 65 წლის ასაკს ზემოთ ადამიანებისთვის, ახალშობილებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.
„ყურადსაღებია ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ მეტეოლოგიური საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ქსელიდან, სადაც აღნიშნულია, რომ 20 აგვისტოდან, დაახლოებით 3 სექტემბრის ჩათვლით, იმ რეგიონში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა.
ძირითადი რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ რაც შეგვიძლია ვიყოთ სიგრილეში ამ დროს, თავი მოვარიდოთ სიცხეს, არ ვიაროთ მაღალი ტემპერატურის დროს გარეთ, თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ ეს განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი.
მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ მოვერიდოთ გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს სიარულს და ხშირად გავგრილდეთ, მივიღოთ სითხე და დავიცვათ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად დავიბანოთ ხელები“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებია:
“შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე; შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული პირებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს; ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილეა; დღისით შეამცირეთ სიცხის შეღწევა სახლში – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება; ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს; თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია; ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს;
მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. განსაკუთრებით რეკომენდებულია მინერალური წყლების მიღება, მარილების მცირე და საშუალო დონის შემცველობით;თავი აარიდეთ სიცხეს; შეარჩიეთ ყველაზე გრილი ოთახი თქვენს საცხოვრებელ სახლში, მათ შორის ღამით ძილისათვის; თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერიკონდენციონერით გრილდება); მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში; მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას; დაისვენეთ ჩრდილში და თავი აარიდეთ მზის გულზე ყოფნას; არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებში; გაიგრილეთ სხეული და დაიცავით ორგანიზმი გაუწყლოებისაგან; მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა;
ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა; საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს; დაეხმარეთ სხვებს;
ცხელ ამინდში ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები გააცანით თქვენს ახლობლებს – ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებით მათ ვინც მარტონი არიან; ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც; თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულებს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ ყოველდღიურად; თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად იღებს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე; თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით;
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა; მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი; თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომებიერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს; ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება; თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე; მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ ან სხვა პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები”, – ნათქვამია რეკომენდაციებში.