დაავადებათა კონტროლის ცენტრი ზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მედიაცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე ყურადღება დაავადების გადამტან კოღოებზე გაამახვილა.
„მწერების სეზონი დგება დათბობასთან ერთად. ძირითადად არის სამი მიმართულების მწერები. ერთია კოღოები, როგორც დაავადების გადამტანი. ამისათვის ორი პირობაა საჭირო, უნდა იყოს დაავადებული ადამიანი, საიდანაც გადაიტანს რაიმე დაავადებას და მეორე, უნდა იყოს კოღოს ის სახეობა, რომელსაც ამ დაავადების გადატანა შეუძლია. კოღო არის მალარიის გადამტანი და იცით, რომ ჩვენთან, მთელს საქართველოში მალარიის გადამტანი კოღოებია“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
„თუ გავდივართ ბუნებაში და ეს ყველა მწერს ეხება, შეგვიძლია თავი სპეციალური დამცავი საშუალებებით – რეპელანტებით დავიცვათ, რომელსაც წავისვამთ და მწერები აღარ მოგვეკარებიან, არც კოღოები და არც ტკიპები; პატარა ბავშვებს თუ გამოვიყვანთ გარეთ სასეირნოდ, უმჯობესია, რომ იყვნენ გრძელსახელოებიანი სამოსით კოღო დამდგარ წყალში მრავლდება, ამიტომ, ვიღაცას ეზოში გუბურა აქვს ან ეზოს წინ არხი გადის, კოღო სწორედ აქ მრავლდება. ყველამ რომ სახლის წინ არხი გაწმინდოს და წყალმა იმოძრაოს, კოღო აღარ გამრავლდება“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით, მოსახლეობამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს წყალსაცავების მიმართ და ერიდოს მალფუჭებად საკვებ პროდუქტებს. იმნაძის თქმით, ზაფხულში განსაკუთრებით იზრდება ნაწლავური ინფექციების რისკი.