ოზურგეთში, დაბა ლაითურში შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ფერდობებს უკიდია და ტერიტორია მისადგომად ძნელია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.