რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომლის სათაურია – „საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“.
მთავრობის მეთაური ასევე საუბრობს თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელთა მტკიცე მხარდაჭერაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების კუთხით.
„დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს. რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება“, – აცხადებს პრემიერი.