დაძაბულობა და არეულობა აფხაზეთში.ე.წ. პარლამენტის წინ აქცია გრძელდება

მეორე დღეა აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წინ ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის, რაულ ხაჯინბას პოსტიდან წასვლას ითხოვენ.
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ კი ე.წ. გენპროკურორის თანაშემწის, დაურ ამიჩბას განცხადებით დაიწყო მასალების შეგროვება პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ოპოზიცის აქციასთან დაკავშირებით. საქმე ეხება აუდიო, ვიდეო და ტექსტურ მასალებს “შემდგომი ანალიზისა და სამართლებრივი შეფასებისთვის“.
მანამდე ამიჩბამ განაცხადა, რომ პროკურატურის გამომძიებლებმა მოსკოვში ასლან ბჟანიას ოჯახის წევრები დაკითხეს და მის დასაკითხად საავადმყოფოშიც აპირებენ მისვლას, სადაც აფხაზი ოპოზიციონერი მკურნალობს.
აფხაზეთის ოპოზიციური ბლოკის თანათავმჯდომარე, ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ–ერთ საავადმყოფოში 18 აპრილს გადაიყვანეს. მსგავსი სიმპტომებით გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში მისი დაცვის ორი წევრი.
2 მაისს ე.წ. აფხაზური ოპოზიციური ძალების ბლოკმა განაცხადა, რომ განზრახული აქვს ასლან ბჟანია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენოს, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.
16 მაისს ასლან ბჟანიას მხარდამჭერები გამოვიდნენ ინიციატივით ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შემოდგომისთვის გადადების შესახებ, ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობის გამო.
“საერთონაციონალური ოპოზიციური მოძრაობის“ ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათი ლიდერი მოწამლეს და მის სისხლში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი აღმოჩნდა.ბჟანიას მომხრეები არჩევნების გადატანას ითხოვენ.
17 მაისს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭომ შექმნა ჯგუფი, რომელმაც 20 მაისს რუსეთის გენერალურ პროკურატურასთან ერთად ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გარემოებების გამოძიება დაიწყო.
20 მაისს ე.წ. აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნების გადატანას ითხოვენ, ე.წ. პარლამენტის უარის შემდეგ “სამოქალაქო საპროტესტო აქციების“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
ოპოზიციის მომხრეებმა 21 მაისის ღამეს სოფელ ბზიფის და ტამიშის რაიონში ცენტრალური ტრასა გადაკეტეს და საავტომობილო მოძრაობა შეაჩერეს. მოგვიანებით მომიტინგეებმა გზა გახსნეს და განაცხადეს, რომ აქცია გამაფრთხილებელი იყო.
სამაგიეროდ აქცია არ დაშლილა ე.წ. პარლამენტის შენობასთან, რომელზეც პროტესტანტები მორიგეობენ. აქციას მთელი ღამე ძალოვანები დარაჯობდნენ. ღამით დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მიზეზი შტეფსელი გახდა, რომელში დინამიკების შეერთების უფლება აქციის მონაწილეებს არ მისცეს. დაპირისპირებულების გაშველება ე.წ. აფხაზურმა პოლიციამ შეძლო.