თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ხაბეიშვილზე თავდასხმა ჯგუფური და დაგეგმილი იმიტომ ვერ იქნებოდა, რომ ეს კამერების წინ მოხდა და არა საკრებულოს ლაბირინთში.
,,დაგეგმილი და ჯგუფური, რომ ყოფილიყო კამერების წინ ვინ აკეთებს ამას? უფრო მარტივი არ იქნებოდა საკრებულოს ლაბირინთი, რომ ნახოთ თქვენ, ზოგჯერ ერთმანეთის ოთახებს ვერ ვაგნებთ ისეთია, თუ ეგ იყო განზრახვა ხაბეიშვილს ლაბირინთში გამოიჭერდნენ, ან მე , ან სხვა”, – ამბობს ზარქუა.
მისივე თქმით, ეს შემთხვევა სპონტანურად მოხდა მას შემდეგ, რაც საკრებულოს ერთ-ერთ წევრს, თარაშ შურღაიას ხაბეიშვილმა კითხვაზე არ უპასუხა.
,,იქ იყო სპონტანურად, შენ რომ ეს თქვი, შეურაცხყოფა რომ მიაყენე ჩვენს ოჯახის წევრებს. შემდეგ თარაშა ეკითხება, მომისმინეო, გელაპარაკებიო, ძაღლადაც არ ჩათვალა, მერე მოხდა ის, რაც მოხდა”,- ყვება ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სამმა დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მათ პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა.
პროკურატურამ გირაოს შეფარდება მოითხოვა ლევან ხაბეიშვილისთვისაც, რომელსაც ირაკლი ზარქუაზე ძალადობისთვის ბრალი დღეს წაუყენეს.