2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული დაგროვებითი პენსიის სქემა სავალდებულო მხოლოდ 40 წლამდე მოქალაქეებისთვის არის. 40 წლის ზევით კი სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ამის მიუხედავად პირველი სამი თვის განმავლობაში 2 პროცენტიანი საპენსიო შენატანის განხორციელება ყველასთვის სავალდებულო იყო. მხოლოდ სამი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს დაგროვებით საპენსიო სქემას გამოეთიშონ, სამი თვის მანძილზე გადახდილი თანხები კი უკან დაიბრუნონ.
ამისათვის მათ 1 აპრილიდან საპენსიო სქემის დატოვების შესახებ სააგენტოს სახელზე განცხადება უნდა დაწერონ. განცხადების დაწერა ელექტრონულად არ ხდება. ამისათვის საჭიროა საპენსიო სააგენტოში მისვლა და განცხადების ჩაბარება იმის შესახებ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვება გსურთ. სამი თვის მანძილზე დაგროვილი თანხა განცხადების დაწერიდან ერთი თვის განმავლობაში იმავე ანგარიშზე დაგიბრუნდებათ, საიდანაც გადაირიცხა.
სააგენტოში ამბობენ, რომ პირველ აპრილამდე საქართველოს მაშტაბით 69 სერვის ცენტრი გაიხსნება, სადაც მოქალაქეები პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ და განცხადება დაწერონ. ამისათვის ვადა 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 1 აპრილიდან 31 მაისამდე აქვთ.