დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო სიმართლე ვერ დადგინდა — ომბუდსმენი ია კერზაიას საქმეზე

სახალო დამცველის აზრით, ია კერზაიას საქმეზე დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. ეს დასკვნა მან, ია კერზაიას საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ობუდსმენი წერს, რომ საქმის მასალის მიხედვით, გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. მისი აზრით, აუხსნელია, რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ ზეწოლა იყო. სახალო დამცველის თქმით, გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური “მოკვლევის” ან “წინასაგამოძიებო მოქმედების” ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს.

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. ლავრენტი ქირიასთან [ განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა] დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა. ამ დროისთვის კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტროს სერვერები ვიდეოჩანაწერს მხოლოდ 29 დღით ინახავდა…პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი. ცალკე შეფასების საგანია ის, რომ თუნდაც 11 თებერვალს დაწყებული გამოძიების პირობებში, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვეს”, — წერია ომბუდსმენის განცხადებაში.