დაიხურება თუ არა რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.ტრამპის პროექტი მაუწყებლობის ბიუჯეტის შემცირებას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი კონგრესს საერთაშორისო მაუწყებლობის ბიუჯეტის 22 პროცენტიან შემცირებასა და სამი სამსახურის გაუქმებას სთავაზობს. პროექტის მიხედვით 2020 წელს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ბიუჯეტის 124 მილიონიდან 87 მილიონამდე შემცირებაა შეთავაზებული.

ეს შემცირება ითვალისწინებს მათ შორის ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას 2020 ფინანსური წლისთვის. პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.

მთლიანობაში ტრამპის ბიუჯეტის 2020 წლის პროექტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ფედერალური ბიუჯეტია, 4.7 ტრილიონი ხარჯვითი ნაწილით, რაც თავდაცვისთვის გაწეული ხარჯების 750 მილიარდით გაზრდას ითვალისწინებს. 8.6 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-მექსიკის საზღვარზე ფიზიკური ბარიერების აღსამართად არის გათვალისწინებული. ამავე დროს ბიუჯეტი 1.9 მილიარდის შეკვეცას და დანაზოგს ითხოვს სოციალური პროგრამების ხარჯზე.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. 2019 წელს კონგრესმა რთე/რთ-სთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

„2020 ბიუჯეტის პროექტის კონგრესში გაგზავნა გრძელი პროცესის პირველი ნაბიჯია“ – ამბობს რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დეიზი სინდელარი. „რამდენადაც არ უნდა სურდეთ ჩვენს კრიტიკოსებს ზოგიერთი ქვეყნიდან წასული გვიხილონ, ჩვენ მოველით რომ გავაგრძელებთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას აშშ-ის მხარდაჭერით“.

როდესაც თეთრმა სახლმა ბიუჯეტის კონგრესს შესთავაზა, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა პროექტი ცალსახად უარყვეს. „ის მტკივნეული და გაუაზრებელი შემცირებები, რომელსაც პრეზიდენტი ითხოვს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში, მოკლე გზაა ამერიკის დასასუსტებლად და დასაავადებლად“- განაცხადა სპიკერმა ნენსი პელოსიმ.

წყარო: რადიო თავისუფლება