დაიკითხება თუ არა სკანდალური შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით უცნობია. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებია. საგამოძიებო უწყებამ გამოძიება პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო. ამის საფუძველი კი ევროპული საქართველოს განცხადება გახდა.
პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ საადვოკატო წრეებთან დაახლოებული წყაროსგან, გაუთქმელობის პირობით, მიიღეს ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ პირის შეწყალებით დაინტერესებული ადამიანები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალება. პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება მმართველი გუნდი, რომელიც თვლის, რომ სკანდალური შეწყალებების საქმის ირგვლივ არსებულ კითხვბებს პასუხები უნდა გაეცეს.