„დაისვენე საქართველოში“ მოქალაქეების პასუხი და ახალი კამპანია პუტინის ემბარგოს წინააღმდეგ

 

„დაისვენე საქართველოში“ – ეს ინიციატივა ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე პასუხია, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოში ფრენებს აუქმებს. აღნიშნული სოციალური კამპანია მოქალაქეების ნაწილმა წამოიწყო და ის შვებულების საკუთარ ქვეყანაში გატარებას გულისხმობს.

„ჩემ იდეას არ აქვს ეკონომიკურ სასწაულის მოხდენის პრეტენზია. ეს არი რაღაც მონაწილეობის შეტანა იმ ემბარგოს წინააღმდეგ, რომელიც აშკარად ხელახლა გამოგვიცხადა რუსეთმა. ეს ითვალისწინებს რომ ვისაც დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ დასვენება, იმ დასვენებას მოვაკლოთ ერთი კვირა და ერთი კვირა ვაჩუქოთ ჩვენს ტურიზმს და ის ფული დავხარჯოთ საქართველოში. ეს რა ეკონომიკურ ეფექტს მოგვცემს მე არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ეკონომიკურ ეფექტზე მეტი მნიშვნელობა რაღაცა დიდში მონაწილეობას აქვს, როდესაც შენს ქვეყანას გვერდში უდგახარ“, – განაცხადა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ.

ინიციატივას უკვე შეუერთდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-იც. პრობლემების არ ეშინიათ არც ტურისტულ სააგენტოებს.

„ტრაგედია მე თვალებდაკარგული ადამიანები უფრო მგონია, ვიდრე ტურისტების შემცირება საქართველოში. რაც უნდა ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვიდეს, ის მაინც უფრო ნაკლებ ფულს ხარჯავს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტი. ჩვენ უნდა ავწიოთ მომსახურების ხარისხი, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველო იყოს მიმზიდველი, ჩვენ თვითონ უნდა გვინდოდეს საქართველოს კურორტებზე დასვენება, ამ ჩავარდნილ სეზონზე, ჩვენ თვითონ უნდა დავეხმაროთ ჩვენ თავს, დავისვენოთ საქართველოს კურორტებზე და გავაპიაროთ“, – აცხადებს რუსთავი 2-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, თამილა გველესიანი.

ტურ ოპერატორები რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემცირებულ სეგმენტს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები შეავსებენ.

„მე მჯერა, რომ ევროპა ახლა უფრო მეტად დაგვიჭერს მხარს და მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი კურორტები და ქალაქები გავარეკლამოთ“, – აცხადებს სააგენტო „თრეველ მოუდის“ დამფუძნებელი, ნიკა როყვა.

ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს საქართველოს მთავრობას.