გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილნი ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან.
ისინი ბესიკ დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ. მათი თქმით ბესიკ დგებუაძე უდანაშაულოა და ყურადღებას მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე ამახვილებენ.
ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე პატიმრობაში დარჩა, რაც შეეხება მის ძმას ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ბესიკ დგებუაძეს, ქალაქის ცენტრში ბიზნეს მეწილეების ფიზიკური დაპირისპირების გამო, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ 19 მაისს დაგეგმილი მერის არჩევნებს სოფელში არ ჩაატარებინებენ.
“გირაოთი ჩემი შვილი გაანთავისუფლონ, ჩემ შვილზე არ ვრცელდება ეს იმიტომ რომ აქ ზის დიასამიძე, რომლის პირადი პატიმარია ჩემი შვილი,”-აცხადებს ბესიკ დგებუაძის მამა, ზაქრო დგებუაძე