დაკავებულია 2 პირი, რომლებსაც იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის პერსილად და არიელად გასაღებაში ედებათ ბრალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. უწყების  განმარტებით, სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიან სარეცხი ფხვნილებს პერსილისა და არიელის ბრენდებად აფასოებდნენ და ასე ჰყიდნენ.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.