შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა რუსთავში ჩადენილ ქურდობის 6 ფაქტზე არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის აგვისტოში, რუსთავში, მოქალაქის კუთვნილი მსუბუქი ავტომობილი მოიპარა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი იმავე დღეს კახეთში იპოვეს. ნაქურდალი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
ასევე დადგინდა, რომ ბ.ა.-მ რუსთავში ქურდობის კიდევ 5 ფაქტი ჩაიდინა. არასრულწლოვანმა პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა. მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.