დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის შესახებ ბრძანება, რომელიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესდა, მხოლოდ ისეთ ოფისებს ეხება, რომელიც მოქალაქეებს კონკრეტულ სერვისებს აწვდის.
„აკრძალვა არ ეხება ოფისების თანამშრომლებს, საოფისე პერსონალს, ეს შეეხება ისეთ დაწესებულებებს, რომელიც მოქალაქეებზე გასცემს კონკრეტულ სერვისებს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ დახურულ ტერიტორიაზე შეუშვან მხოლოდ 10 მოქალაქე, დანარჩენების რიგში დგომა კი შესაბამისი დისტანციის დაცვით მოხდეს“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დროისთვის ინფექცია 49 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1 გამოჯანმრთელდა.