დამატებით 23 ათასი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს

მაისის თვიდან დამატებით 23 000 ვეტერანი  22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ისარგებლებს-ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეში მიიღო. 

ცვლილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომლის განცხადებითაც მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება 22-ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით. სუბსიდია ვეტერანთა გარკვეული ჯგუფისთვის შეჩერებული იყო, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით.

“2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღწერდა კონკრეტულ პრობლემას და გასცემდა რეკომენდაციას შესულიყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებაში, რათა გათანაბრებულიყო საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლებოდა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს, როგორც ეს იყო განსაზღვრული ამავე დადგენილებით, 2012 წლის 1 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით.

„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე 2018 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შეტანილი იქნა აღნიშნული რეკომენდაცია, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება დროულად აისახება შესაბამის ნორმატიულ აქტში და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას ყველა ვეტერანი შეძლებს დისკრიმინაციის გარეშე.”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.