ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლიპარიძეების ოჯახი, 10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებს. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის დედამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და ბავშვი ღამით, ძალის გამოყენებით, ადვოკატისა და პოლიციის დახმარებით წაიყვანა.
10 წლის ბავშვის მამის და ბებიის განცხადებით, ბავშვი იძულების გამო ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ბავშვის ბებია კი ამბობს, რომ მას თავის არეში დაზიანება მიაყენეს.
“დამეხმარეთ, შვილი მომპარეს. საფრთხე ემუქრება, დამირეკა მამა მკლავენო და ტელეფონი წაართვეს, გამოურთეს. პირზე დაფარებით წაიყვანეს სახლიდან და არ ვიცი დღემდე სად არის,”-აცხადებს 10 წლის ბავშვის მამა დათო ლიპარიძე.
ბავშვის ძალით და კანონის დარღვევით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი განმარტავენ, რომ ბავშვის ოჯახიდან წაყვანა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო. ასევე ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა ფსიქო-ემოციური თვალსაზრისით მძიმეა და სხვადასხვა სპეციალისტის ჩართვას საჭიროებს.