ვანო მერაბიშვილის განცხადებას ,,ქართული ოცნების” დამხობის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც პასუხობს. მისი თქმით, მათ ,,დამხობების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ, არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ და არც აწი გამოუვათ”.
,,საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი დღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინდელი დღე არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვასიტყვით , დავასრულებო ან შევცვლიო კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდი ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ, ეს დამხობების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრილებების დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ”,- აცხადებს გახარია.
დღეს, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ,,ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება და მათი “დამხობის შემდეგ, აი, ამ ციხის [მატროსოვის] კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.