დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს 5 რეგიონში 463-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას თბილისში, თავისუფლების მოედანზე მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფიცის დადებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სიტყვით ქვეყნის მთავარსარდალი გამოვიდა.
„ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას. დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლის თავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ მუდმივად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი გამტკიცებისთვის დღევანდელ გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ ყოველ მხრივ გათავისუფლება არის ერთ ერთი რთული გამოწვევა. ბევრად უფრო რთული ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ოკუპაციის დაძლევას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ცხოვრობს სხვადასხვა ეთნოსის ბევრი მოქალაქე, რომელიც უნდა ფლობდეს ქართულ ენას. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ყველა მოქალაქემ მცირე ასაკიდან ისწავლოს ქართული ენა.
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ იმ დრომდე სანამ რუსული მავრთულხლართებია საქართველოში, მისი დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება.
“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის ძალადობრივი რეჟიმის მძველები იქნებიან,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ასეე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება კომისიის მუშაობის განახლებას.