„დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე,“ – ეს განცხადება დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა გააკეთა.
არქიმანდრიტმა საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის გზის გაყვანა, თითქმის, დასრულებულია და მძიმე ტექნიკა ადგილზე აღარ მუშაობს.
არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
„საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობით პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს,“ – ამბობს არქიმანდრიტი.
დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა ამ დრომდე არ შეუწყვეტია.