სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გადაღებულმა რგოლმა, რომელშიც საქართველოს ისტორიის ეპიზოდებია გაცოცხლებული. კლიპი საქართველოს მთავრობის მიერ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდია მეტრო ფროდაქშენმა გადაიღო. ჯერჯერობით უცნობია რგოლის ბიუჯეტი.
რგოლის რეჟისორი და სცენარის ავტორი , გიორგი პოპიაშვილი განმარტავს, რომ მათი მიზანი იყო წუთნახევარში მოეყოლა რაც შეიძლება მეტი საქართველოს ისტორიაზე. მისი თქმით, მათმა გუნდმა ჩამოწერა მთავარი სიტყვები, რაც საქართველოს ახასიათებს და ამ სიტყვებს მოარგეს სიუჟეტის ფრაგმენტები. ეს სიტყვებია: რწმენა, მეგობრობა, თავდადება, სიყვარული, თავისუფლება…
“ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“– ეს არის რგოლის სათაური.
ყველაზე დიდი კრიტიკა ცხვრის ფარის სცენას მოჰყვა და დაისვა კითხვა, რას ნიშნავდა რგოლში ცხვრის ფარა. რეჟისორს უკვირს, რატომ გახდა საჭირო ზედმეტიი ახსნა ამ სიმბოლიკასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ჩანაფიქრის მიხედვით წითელყელსახვევიანი ცხვრის ფარა საბჭოთა რეჟიმის სიმბოლოა –“ბრმად რაღაცის მიყოლა, დაუფიქრებლად მორჩილება. წითელყელსაბამიანი ცხვრები არის საბჭოთა სისტემის სიმბოლო და თვალსაჩინოდ ჩანს გოგონა, რომელიც ფარის საწინააღმდეგოდ მიდის, გადის ამ ფარიდან და თავისუფლებით (ანუ წიგნით) ხელში მიდის ჰორიზონტისკენ.“