ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მმართველ გუნდში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნისას ეკა ბესელიას მოადგილე იყო და პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობისტად სახელდება, ბესელიას იურისტობას უწუნებს და მის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ანტიკონსტიტუციურია და არცერთი თავმოყვარე იურისტი მას ხელს არ მოაწერს.
ზარდიაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც – რომ ის პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობია. ზარდიაშვილმა ამ მოსაზრებას ბესელიას სუბიექტური ხედვა და ინტერესი უწოდა; საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე კი თქვა, რომ გუნდის შიგნით საუბრები ვიღაცებს მახინჯი ფორმით მიაქვთ ჟურნალისტებამდე
ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარეც აფასებს და ამბობს, რომ ჯერ სიღრმეებშია ჩასახედი – ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას. ირაკლი კობახიძის შფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.
ეკა ბესელიას თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობისგან პრინციპული წინააღმდეგობა არ ექნება, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატები ჯერ არ საუბრობენ – დაუჭერენ თუ არა მხარს იმ კოლეგების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლებიც გუნდს მოსამართლეთა სიის გამო დაუპირისპირდნენ. მათგან განსხვავებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლებიც პროექტს მხარს დაუჭრენ
ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა – საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეტა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ იმ ხმაურიანი სიით არის განპირობებული, რომელიც იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დასანიშნად პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.
ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ლობისტები პარლამენტში ძალიან ააღელვა მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ.
“დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე”, თქვა ბესელიამ.
ბესელია და მისი თანამოაზრე დეპუტატები ფიქრობენ, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა გადავადდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილისთვის. ამ ინიციატივის ავტორი თავად ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს კი ხელს აწერს 9 დეპუტატი.
საკანონმდებლო ცვლილების საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.