მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური 15 ივნისამდე უნდა გაიმართოს. ერთმანეთის პირისპირ ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დარჩნენ.
კახაძემ ხმების 41.01% მიიღო, შავგულიძემ 36.84%
ბრძოლას დაძაბულობას მატებს ის, რომ ამ კანდიდატებს შორის პირველ ტურში სხვაობა მხოლოდ 600 ხმა იყო, ანუ ლადო კახაძემ 6036 ხმა მიიღო, შალვა შავგულიძემ კი 5422. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლის აქტივობა მთაწმინდაზე ძალიან დაბალი – 36 % იყო. შანსი, რომ კანდიდატები დამატებით ხმებს ამომრჩეველთა გააქტიურებით მოიპოვებენ ნაკლებია, რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას უცნობია, ევროპული საქართველოს მხარდამჭერებმა კი დამატებითი რესურსი მესამე და მეოთხე ადგილზე გასული კანდიდატების მხარდამჭერებში დაინახეს.
მესამე ადგილზე ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი გავიდა 6.55%–ით, მეოთხე ადგილზე კი გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო – 4.76%–ით. სწორედ მათი ამომრჩევლის მხარდაჭერა შეიძლება გახდეს გადამწყვეტი შალვა შავგულიძისთვის, თუმცა არც გირჩი და არც ალეკო ელისაშვილის მოძრაობა შალვა შავგულიძისთვის მხარდაჭერას არ ჩქარობენ. ორი დღეა მათ ევროპული საქართველოს მხარდამჭერები მოუწოდებენ შალვა შავგულიძეს მხარი ღიად დაუჭირონ, რადგან ახლა მთავარი მთაწმინდაზე ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა დაჟინებული მოწოდებები გამაღიზიანებელი აღმოჩნდა გირჩისთვისაც და ალეკო ელისაშვილისთვისაც. ორივე ამბობს, რომ პირადად შალვა შავგულიძეს პატივს სცემენ, თუმცა არ მოწონთ ის ძალა, რომელიც, შავგულიძემ პარტნიორად აირჩია, ანუ ევროპული საქართველო. გირჩის ლიდერმა სპეციალური ვიდეომიმართვაც ჩაწერა და იმაზე ისაუბრა, რატომ არ აპირებს ავტომატურად შალვა შავგულიძის მხარდაჭერას.
“თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწოთ თხოვნით. ჩვენ გვაქვს ხმები, თქვენ გჭირდებათ ხმები და შეგიძლიათ ითხოვოთ, წესიერად. იქნებ გაძლევთ. აუ, ახლა დროზე გირჩმა აასხით და მიდით საარჩევნო უბნებზე და ჩვენი კანდიდატი შემოხაზეთ თორემ ქოცებს დაგიძახებთ, ეს არ არის თხოვნა, ეს არის მორალური დამუნათება.და ისიც ძალიან იაფი. გირჩში ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია. მეორე: გირჩი არ არის სტანდარტული ქართული პარტია სტრუქტურით, კოორდინატორებით, უბნის უფროსებით, ზონის უფროსებით და ა.შ. რომელშიც ზევიდან ქვევით ჩაასხამს ფულს და და შესაბამის ხმებს გაუშვებს საითაც უნდა.
გირჩის ხმები არ დადის არავის ჭკუაზე, იმიტომ რომ ცხვრები არ არიან. თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები, უნდა დაგველაპარაკოს და უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ჩვენს ხმებს. რადგან ვიღაცეები ფიქრობთ რომ მორალური უპირატესობის პოზიციიდან შეგიძლიათ გირჩს ელაპარაკოთ, აგიხსნით. არ მეზარება და იქნებ მომავლისთვის გაითვალისწინოთ
შალვა შავგულიძე არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა
გასაგებია, რომ შავგულიძეს არავინ არაფერს არ შეეკითხება თუ ევროპულმა საქართველომ ოდესმე ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.
ამ არჩევნებზე ორი რამე უნდა გაირკვეს.
პირველი– რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტდება.
მეორე – ევროპული საქართველო იმყარებს პოზიციებს.
პირველი კარგია, მაგრამ მეორე რამდენად კარგია გირჩი ამაში არ არის დარწმუნებული.“ – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე და არ მალავს, რომ ევროპულ საქართველოს არ ენდობა.
რაც შეეხება ელისაშვილს, მის მოძრაობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს შალვა შავგულიძეს.
“ჩვენ გვყავს მხარდამჭერები და არ გვყავს ყმები და ნახირი, ჩვენ არ ვართ ნახირის მწყემსები. იმ ადამიანებმა, ვინც მხარი დაგვიჭირა მიიღეს გადაწყვეტილება ლევან იოსელიანის სასარგებლოდ. ძალიან საინტერესო მაჩვენებელი მივიღეთ. ძალიან ბევრი ამომრჩეველი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. ეს იმას აჩვენებს, რომ ხალხს ყელში აქვს ამოსული ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება. ეს არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. სააკაშვილი და ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პრობლემა.
ჩემთვის ცოტა გაუგებარია ზეწოლა და ლამის შანტაჟის ენით ლაპარაკი ჩვენდამი, რომ აი, გინდა თუ არა თქვით ერთ საათში ვის უჭერთ მხარს. ჩვენ ვთქვით, რომ დავიფქრდებით. კახაძეს რომ მხარს არ დავუჭერთ და კახაძისნაირი პოლიტიკოსები რომ პარლამენტში არ უნდა იყვნენ ეს ორჯერ ორი ოთხია. თამადა და ანეგდოტების მომყოლი თუ აკლია ჩვენს პარლამენტს არ ვიცი. ამას არც განვიხილავთ. მაგრამ ლაპარაკია იმაზე, დავუჭიროთ თუ არა შალვა შავგულიძეს მხარი. შალვა შავგულიძე რომ იყოს მხოლოდ შალვა შავგულიძე, რომელსაც პატივს ვცემ პიროვნულად, რომ იყოს მხოლოდ თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ერთი წამით არ შევყოყმანდებოდით ისე დავუჭერდით მხარს, და მთელი გუნდი და მთელი შტაბი გადავერთვებოდით მის კამპანიაში მოხალისეებად. მაგრამ ის მოცემულობა, რაც არის განსხვავებულია.
ჩვენ არ გვინდა მჩატე გადაწყვეტილება მივიღოთ. არც ისე არ არის, ჩვენ რომ ვუბრძანოთ, გამწკრივებული ბატალიონი კი არ გვყავს ჩვენი მხარდამჭერების რომ ვუთხრათ: მარცხნისაკენ! ნაბიჯით იარ! მიეცით ამას ხმა. ასე არ არის. ისინი შეიძლება შემოგვიბრუნდნენ და ჩვენი მხარდაჭერა გახდეს ნულოვანი.
რატომ მაჩქარებენ უბრალოდ ამას ვერ ვხვდები. 25 დღეშია არჩევნები. ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ რამდენიმე დღეში. დღეს მთელი დღე გვქონდა მსჯელობა გუნდში. გვინდა ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობებს ვესაუბრობთ, ვეკითხებით ჩვენს ამომრჩეველს, რა იქნება მათთვის მისაღები.
ჩვენ ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ქართული ოცნების კანდიდატის მხარდაჭერა საერთოდ არ განიხილება. დავუჭიროთ თუ არა შავგულიძეს მხარი ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას გუნდში და ამომრჩეველთან განხილვის შემდეგ. რატომ არის პანიკა ატეხილი ვერ ვხვდები. ყველა ჭკუას გვასწავლის.
შალვა შავგულიძეს დიდი ხანია ვიცნობ, წესიერი კაცია, კვალიფიციური კაცია და პატივს ვცემ. უბრალოდ მე მისი არჩევანი არ მომეწონა, და მისი იმ კოალიციაში შესვლა, რომელშიც შევიდა, თორემ შალვა შავგულიძე რომ ლადო კახაძეს ჯობია რად უნდა ამას ლაპარაკი.
ჩვენ არ ვაკადრებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელსაც თვენახევარი ვებუნებოდით, რომ მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ახლა გამოვუცხადოთ მაღალი პედესტალიდან, რომ დამწკრივდით და ვიღაცას მიეცით ხმა. როგორც მივიღეთ ეს ხმები, ისე დავკარგავთ. “ – ამბობს ალეკო ელისაშვილი.