იურიდიულ კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტს გაანიხილავდნენ. კანონოპროექტის ერთ-ერთი ვერსია „ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის, რომლის განხილვისას ერთმანეთს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ოცნების“ წევრი ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ. ზარდიაშვილი დაინტერესდა, 2012 წლამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილეობისას აძლევდა თუ არა თავად დავალებებს სასამართლოს კახიძე და ვინ აძლევდა მოსამართლეებს დავალებას. კახიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია პერსონა, ვინც სასამართლოს დავალებას აძლევდა და ზარდიაშვილს ურჩია, მურუსიძე–ჩინჩალაძისთვის ეკითხა, ვისგან იღებდნენ დავალებებს. “მე სამართლებრივი წერის ტრენინგს ვატარებდი პროკურორებისთვის“ – ამბობს კახიძე, თუმცა ზარდიაშვილი ამტკიცებს, რომ ევროპული საქართველოს წევრი პროკურორებს ტრენინგს უტარებდა, როგორ წაეყენებინათ ბრალი ერთი ჩვენების საფუძველზე. საპასუხოდ, კახიძემ ზარდიაშვილს წარსული გაახსენა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში მის მუშაობას უკავშირდებოდა.