თბილისის საკრებულოში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატს ლევან ხაბეიშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხაბეიშვილმა კალაძეს კითხვები დაუსვა და კორუმპირებული და ბიუჯეტის წურბელა უწოდა, კალაძემ დეპუტატი “გაფარჩებულად” მოიხსენია.
ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერთან კითხვები ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით და მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე ჰქონდა.
“ეს რა არის? 153 ათას ლარს თქვენი ოთახის გარემონტებისთვის რატომ იხდით? გორგოლაჭებიანი სკამების ყიდვა რომ გინდათ, ნორმალურია? რატომ გეშინიათ რომ რაღაცაზე მიპასუხოთ?”- მიმართა ხაბეიშვილმა კალაძეს.
“თქვენი როგორ უნდა მეშინოდეს, როცა ასე იქცევით. შეურაცხყოფას აყენებთ მთავრობის სხდომაზე მყოფ ადამიანებს. თქვენ ვერ შემოხვალთ, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდით მთავრობის თითოეულ წევრს და იქნებით ასეთი გაფარჩაკებული”,- მიმართა კალაძემ ხაბეიშვილს.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, თბილისის მერი ოთახებს ირემონტებს და კომფორტულ ავეჯს ყიდულობს, ამისთვის კი ფული ბიუჯეტიდან იხარჯება.